სასწავლო ფოტოები

VII კლასმა წარმოადგინა პროექტი ინგლისურ ენაში თემაზე: „მსოფლიო დღეს და ხვალ“.  პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანსაღი კლიმატი. მათი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს, არის ადამიანების პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაზე. მათ გაანალიზეს, რომ ბუნებასთან მიმართებაში ყოველი არასწორი ქმედება დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის. პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას დაა ასევე მათ აღუძრა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების სურვილი. /მასწ.: ნათია დემეტრაშვილი/

V კლასის მოსწავლეები ნატო მასწავლებელთან ერთად მათემატიკის გაკვეთილზე შეისწავლიან ახალ მასალას - „წესიერი და არაწესიერი წილადები. შერეული რიცხვი“.

XI კლასში ქიმიის გაკვეთილის თემა იყო  -„ნახშირწყლები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რა შინაარსის მატარებელია სახელწოდება -ნახშირწყლები, რა უდევს საფუძვლად მათ კლასიფიკაციას, ქიმიური თვალსაზრისით რა ბუნებისაა ნივთიერება გლუკოზა, შეამოწმეს მისი წყალში ხსნადობა. ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ექსპერიმენტები: 0,5 მლ გლუკოზის ხსნარზე დაამატეს 2 მლ ტუტის წყალხსნარი და შემდეგ 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი.

ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტი მეორე ქიმიურ ჭიქაში - მოათავსეს 1 მლ გლიცერინი, დაამატეს 2 მლ ნატრიუმის ტუტის წყალხსნარი, დაამატეს 1 მლ შაბიამნის წყალხსნარი.  შეადარეს მიღებული შედეგები და ახსნეს ლურჯი ფერის მიღების მიზეზი.

ასევე ისაუბრეს სახამებლის თვისებებზე, თუ რატომ ვერ ითვისებს სახამებელს ადამიანის ორგანიზმი უშუალოდ, რატომ ხარშავენ სახამებლის შემცველ პროდუქტს, რომელი ნივთიერების დახმარებით დავადგენთ სახამებლის არსებობას - ჩაატარეს იოდის თვისებითი რეაქცია სახამებელთან.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა  ბურთულღეროვანი მოდელებით ააწყვეს სხვადასხვა ორგანული ნივთიერებები და ახსნეს მათი აღნაგობა.

ჩატარებული გაკვეთილის მიმართ მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და აღნიშნეს საკითხის აქტუალობა ყოველდღიურობაში. /მასწ.:  თამარ ბაკაშვილი/

გაზაფხულის თბილი ამინდების გამოსვლისთანავე, ჩვენი გაკვეთილები საკლასო ოთახიდან შეძლებისდაგვარად,  ღია ცის ქვეშ - სკოლის ეზოში ინაცვლებს. ამჯერად ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი /მასწ.: ირმა ალფაიძე/

ჩვენი პატარები ყურადღებით ასრულებენ მითითებებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში

კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებით.  /მასწ.:  ლალი ჯოხაძე/
2022 წლის 17 მაისს IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - წელიწადის დროები".  მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის დროების შესახებ,  ყველა სეზონისათვის დამახასიათებელ ამინდსა და ჩაცმულობაზე. გამოარჩიეს მათთვის საყვარელი წელიწადი  დრო, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რის გამოც უყვართ  წელიწადის ესა თუ ის დრო. მოსწავლეებმა მთელი გულით იმუშავეს და შექმნეს ძალიან შინაარსიანი, თემატური  პოსტერები.  /მასწ.: მაია ფარცხალაძე/

ვინ უკეთ იცნობს ჩვენს ქვეყანას" -  ეს იყოს გაკვეთილის თემა V კლასში.

თემასთან დაკავშირებით, ჩატარდა ჯგუფური მუშაობა, რომლის მიზანი იყო ცოდნის შედეგზე ორიენტირება. ასეთმა სამუშაომ ხელი შეუწყო მოსწავლეებში არსებული ინფორმაციის მყარ ცოდნად გარდაქმნას. გაზარდა მათი მოტივაცია.

მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება - გამოამჟღავნეს არსებული ცოდნა და გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.  /მასწ.: იზა გარსენიშვილი/

გაკვეთილის  თემა V კლასთან ბუნებისმეტყველებაში  იყო - კვებითი ჯაჭვები, რომელი  გვიჩვენებს, თუ  რომელი ორგანიზმი  რით იკვებება და როგორ უკავშორდებიან  ორგანიზმები ერთმანეთს  საკვების მოხმარების მიხედვით.

გაკვეთილზე ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა  -  მოსწავლეებმა  შექმნეს და  წარადგინეს კვებითი ჯაჭვის მოდელები.  /მასწ.: ხათუნა გოცირიძე/

მოსწავლეებმა წარმოადგინეს  პრეზენტაცია ელექტროლიზის თემაზე, სადაც დაწვრილებით განიხილეს ელექტროლიზის პროცესი, მისი მიმდინარეობის პრინციპი და პრაქტიკული მნიშვნელობა. პრეზენტაციაში ყურადღება იყო დათმობილი ელექტროლიზის პროცესების რაოდენობრივ შეფასებასა და ფარადეის კანონების დახმარებით, თუ როგორ შეიძლება ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების რაოდენობის დადგენა.

მოსწავლეებმა თემა წარმოაჩინეს ძალიან საინტერესოდ თითოეული მათგანი პროექტის მომზადებასა და პრეზენტაციაში აქტიურად  იყო ჩართული.

2022 წლის 29 აპრილს VI კლასმა წარმოადგინა პრეზენტაცია - „რენესანსიდან იმპრესიონიზმამდე“.  ეს იყო კომლექსური შემაჯამებელი დავალება, რომელიც მოსწავლეებისაგან მოითხოვდა  ორი მხატვრული მიმდინარეობის განხილვას:

       1.   აღორძინების პერიოდის ხელოვნება,  რა პერიოდს მოიცავს ეს მიმდინარეობა, როდის და სად ჩამოყალიბდა. მისი მხატვრული მახასიათებლებით (ფორმა, ფერი, კომპოზიცია, პერსპექტივა, სივრცე ნახატში) და ამ ეპოქის მთავარი მახასიათებლით - ადამიანის, როგორც პიროვნების წინა ხაზზე წამოწევით.

      2.   იმპრესიონისტი  და პოსტიმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედება. როდის და სად შეიქმნა იმპრესიონიზმი.  ამ მიმდინარეობის  ძირითადი მხატვრული მახასიათებლები( ფერი, ფორმა, კომპოზიცია ), რა  ტექნიკური ხერხებით და როგორ ხატავდნენ ეს მხატვრები. რა როლი მიუძღვით მათ ხელოვნების შემდგომ განვითარებაში.

      3. ამ ორი  მიმდინარეობიდან, თითოეულმა მოსწავლემ ამოირჩია  ერთი  ხელოვანის ილუსტრაცია და  დაახასიათა ხელოვნების ნიმუში ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების გათვალისწინებით. მოახდინა  მათი მხატვრული ანალიზი.  /მასწ.: ქ. თვაური/

VIII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს კომპლექსური დავალება ფიზიკაში  ,,იგლუ".
თემა: სითბური მოვლენები;

დავალების ფარგლებში დამუშავდა  შემდეგი  ცნებები:

მატერია (სითბური გაფართოება, თბოგამტარობა), სტრუქტურა, ენერგი (კონვექცია, გამოსხივება) ურთიერთქმედება, კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი) და ა. შ.
კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულ, თემასთან დაკავშირებით მათ  მოიძიეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცი, წარმოადგინეს ფოტომასალა, შექმნეს მოდელები, გააკეთეს ანალიზი და წარმოადგინებს საინტერესო პრეზენტაციები.

მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს ისაუბრეს კომპლექსური დავალების მეთოდით სწავლების უპირატესობასა და დავალების განხორციელების პროცესში შეძენილ ცოდნა-გამოცდილებაზე.

მოსწავლეებმა პასუხი გასცეს საკვანძო შეკითხვებს:  როგორ შეიძლება სხეულის ტემპერატურის შეცვლა? რატომ ვრცელდება სითბო განსხვავებულად სხვადასხვა ნივთიერებაში? და სხვა

გაკვეთილის კომპლ. დავალების პრეზენტაციამ დაგვანახა შედეგი (ინდიკატორები): სითბოს გადაცემის სახეების დახასიათება და მათ თავისებურებებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ფიზ. საბ. 1, 2, 3)   /მასწ.: მ. გოგაძე/

Facebook