ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 20 ნოემბერს შედგა ორი საინტერესო შეხვედრა. პირველი მათგანი დაეთმო II – III კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც იხილეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა საუბარი და განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი, ხელოვნების დარგის რომელი წარმომადგენლები ქმნიან მას, ვინ არის რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი, დეკორატორი და ა.შ. მულტფილმის ჩვენებისას გზადაგზა ყურადღება გამახვილებული იყო პერსონაჟთა ტიპაჟებზე, მათ თვისებებსა და მუსიკალურ გაფორმებაზე.
IV-VI კლასების მოსწავლეები კი გაეცვნენ ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის შემოქმედებას და იხილეს ქართული მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“. მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია XX საუკინის 60-იანი წლების თბილისის გარემომ - ქუჩებმა, სახლებმა, პერსონაჟების გარეგნობამ, ჩაცმულობამ, ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა ელემენტებმა და სხვა. სესილია თაყაიშვილთან ერთად მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო ასევე სახელოვანმა მსახიობებმა - იპოლიტე ხვიჩიამ და ეროსი მანჯგალაძემ.