პატივცემულო მშობლებო!

გაცნობებთ, რომ განათლების სამინისტროს მიერ 2020 წლის 16 მარტს სკოლებში მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლა „ივერონი“ დისტანციურ სწავლებას შეუდგა 2020 წლის 17 მარტიდან, რასაც წინ უსწრებდა არაერთი მოსამზადებელი სამუშაო.

ამ ეტაპზე სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას განვლილი მასალის გამეორების, გაღრმავების, დამატებითი შემეცნებითი აქტივობების გამოყენების საფუძველზე. ჩვენს მიერ მოწოდებულ 14 მარტის მიმართვაში დასახელებულია დავალებების ტიპები, რაც რეკომენდებულია  სამინისტროს  მიერ.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ სამინისტრო სკოლებს მოსწავლეებთან (ასევე მშობლებთან) სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმებიდან  თავისუფლი არჩევანის საშუალებას აძლევს.  

აქედან გამომდინარე,  I-IV კლასების მოსწავლეებთან არჩეული გვაქვს კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი  ფორმა -  მშობელთა დახურული ფეისბუქჯგუფები, ვინაიდან ამ ასაკის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების  ჩართულობა. დანარჩენ მოსწავლეებთან (IV კლასის ზევით) კი ურთიერთობა  ხორციელდება მოსწავლეთა ფეისბუქის დახურული მესინჯერჯგუფების  საშუალებით.

დღესდღეობით, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისათვის განსაზღვრული საათები არ არსებობს - კონტაქტი ხორციელდება მთელი დღის მანძილზე. ამ ჯგუფებში უკვე მე-3 დღეა, რაც მასწავლებლების მიერ იგზავნება დავალებები   და მოსწავლეთა ჩართულობაც სახეზეა. კვირის ბოლოს ყველა კლასის დამრიგებელი მოიპოვებს ინფორმაციას  მოსწავლეების მხრიდან ჩართულობისა და შესრულებული დავალებების შესახებ, რასაც ინდივიდუალურად გააცნობენ მშობლებს.

უდაოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ზოგიერთი  მოსწავლე ოჯახთან ერთად ქალაქიდანაა გასული. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ ამის ობიექტური მიზეზი გააჩნიათ, ეს მათი არჩევანია.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სასწავლო სისტემის მოდიფიცირება, საგნობრივი პროგრამებისა და სასწავლო გეგმის გადაწყობა, რაც მორგებული უნდა იყოს სასწავლო დაწესებულების მიერ არჩეულ კომუნიკაციის ფორმებზე. პარალელურად, სკოლები - საჯაროც და კერძოც - სამინისტროდან ორშაბათისთვის (23 მარტისათვის) ელოდებიან ახალ რეკომენდაციებს, მითითებებს. რადიკალური ცვლილებები მოითხოვს გარკვეულ დროს.

მთელი სკოლა - დირექცია, კათედრები და მასწავლებლები უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე) მუშაობენ იმ პროგრამებზე, მეთოდებსა და მიდგომებზე, რომელთა საფუძველზეც იმედია სასწავლო პროცესი ნაყოფიერად  წარიმართება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

დისტანციური სწავლება სიახლეა როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვისაც. ამიტომ მათთვის ამ სახის სწავლებაზე გადასვლა არ უნდა იყოს სტრესული. სწავლების პირველივე წუთებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები ამ პროცესში აქტიურად და დიდი ინტერესით არიან ჩართულები. დიდი მადლობა მათ ამ აქტიურობისათვის, ასეთი მაღალი თვითშეგნებისთვის!

დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის!

 

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

19.03.2020 წელი

 

 

Facebook