ჩვენი სკოლა

შპს კერძო სკოლა „ივერონი“ ხელოვნების კოლეჯის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელია.

ტრადიციებთან ერთად ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც მოზარდის საუკეთესო განათლების მიღებასთან, ღირსეულ მოქალაქედ და პიროვნებად ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული.სკოლისა და კოლეჯის ერთ შენობაში ფუნქციონირება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ზოგადი განათლების პარალელურად, შენობიდან გაუსვლელად, მიიღოს სახელოვნებო დარგებში (მუსიკა, სახვითი ხელოვნება, საესტრადო-თეატრალური ხელოვნება, ფოლკლორი) საუკეთესო განათლება.
კერძო სკოლა „ივერონმა“ 2011 წლისა და 2016 წლის სექტემბერში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. აქ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას ერთგულად ემსახურება მაღალკვალიფიციური პედაგოგები და დამხმარე პერსონალი კლასები კომპლექტდება 15-21 მოსწავლით; I კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა ( I უცხო ენა), III კლასიდან  - რუსული ენა  ( II უცხო ენა), V კლასიდან - გერმანული ენა (III უცხო ენა). დამატებითი საათებით გაძლიერებულია ძირითადი სავალდებულო საგნები. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია საუკეთესო ბიბლიოთეკა, სააქტო, სპორტული, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სპორტული მოედანი, სამლოცველო.
საგნობრივი კათედრები განსაკუთრებულ პირობებს ქმნიან დამატებითი საგანმანათლებლო პროექტების ხელშესაწყობად.
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით სკოლას აქვს დამატებითი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება (როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ფორმით).
დამატებითი აქტივობები: ხატვის, მეტყველების, ჭადრაკის, რელიგიის ისტორიის, ასევე რუსული ენისა და მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრეები. ფუნქციონირებს ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა, წიგნის მოყვარულთა და სამოქ. განათლების კლუბები.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებულად მონაწილეობენ შიდა სასკოლო და ეროვნულ ოლიმპიადებში, არაერთგზის მოხვდნენ რეიტინგულ ათეულში და პირველ ადგილზე, განსაკუთრებით წარმატებულ, ნიჭიერ მოსწავლეებს ენიშნებათ სტიპენდია. თითქმის ყველა აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, უმრავლესობა ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.
ჩვენთან ტრადიციადაა ქცეული საშობაო და საგაზაფხულო, მაღალი დონის, სასწავლო და საზეიმო ღონისძიებები, სადაც მოსწავლეს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნების საშუალება ეძლევა და უვითარდება შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

Facebook