ყოველთვის გამორჩეულია კლასის დამრიგებლების ურთიერთობა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან. სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლის სამუშაო გეგმასთან ერთად, იგეგმება „სადამრიგებლო საათზე“ სასაუბრო თემები, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესები და საკითხები. „სადამრიგებლო საათი“ ტარდება ორკვირაში ერთხელ და ის მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსწავლეთა აღზრდასთან დაკავშირებით.
„სადამრიგებლო საათზე“ მოსწავლეებს ეუფლებათ სრული თავისუფლების შეგრძნება - გულახდილად საუბრობენ ნებისმიერ პრობლემაზე, ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხებზე, საუბრობენ იმაზე, რაც მათ ხშირად აწუხებთ ან ზოგადად აინტერესებთ. ამიტომ ზოგჯერ სასაუბრო თემიდან გადახვევაც ხდება. საუბრების დროს ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოთქვას საკუთარი აზრი, შეხედულება, ყურადღებით უსმენენ და ზოგჯერ რჩევებსაც კი აძლევენ ერთმანეთს. საუბრის დასასრულს მოსწავლეები რამდენიმე კითხვას წერილობით პასუხობენ და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას.