ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.
ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.
ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა მიმართ საჭიროა საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული, გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.
მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“