„დაიცავით გარემო!!!“ - ესაა სახელწოდება გრძელვადიანი პროექტისა მოქალაქეობაში, რომლის ინიციატორებიც არიან VIII კლასის მოსწავლეები (საგნის მასწავლებელი: ელისო ბუცხრიკიძე). პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.
პროექტიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა კლასში ჩაატარეს მოკლე მიმოხილვითი პრეზენტაცია ქაღალდის წარმოებასთან, მეორადი ქაღალდების გამოყენებასთან და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვასთან დაკავშირებით. მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, დაამზადეს და საკლასო ოთახებში განათავსეს მწვანე ყუთები, რომლებშიც მოსწავლეები უსარგებლო ქაღალდებს მოათავსებენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ფილმები ძველ დროში პაპირუსის ქაღალდისა მიღებისა და დღესდღეობით მეორედი ქაღალდის გადამუშავების შესახებ.
პროექტის დასრულება გამიზნულია 2023 წლის აპრილში, რის შემდეგაც 22 აპრილს შეგროვილ მაკულატურას VIII კლასის მოსწავლეები მშობლების დახმარებით ჩააბარებენ შესაბამის პუნქტში, ხოლო სანაცვლოდ მიღებულ წიგნებს გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას. სკოლა „ივერონს“ ამის დიდი ხნის ტრადიცია აქვს და სასიხარულოა, რომ ტრადიცია კვლავ გრძელდება.