სკოლა „ივერონის“ IXკლასის მოსწავლეებმა 27 მაისს მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე: „ტერორიზმი - თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი რთული გამოწვევა“ .
როგორც ცნობილია, მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისები გამოწვეულია მცდარი ფინანსური ან ეკონომიკური საქმიანობით, პანდემიით, სამხედრო კონფლიქტებით, ტერორიზმით. ეს უკანასკნელი მოვლენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ზოგჯერ მას „არატრადიციულ ომად“ მოიხსენიებენ, რადგან დარღვეულია ომის ყოველგვარი წესი: არ არსებობს არც ფრონტი, არც საზღვრები, ომი მიმდინარეობს გამოცხადების გარეშე, არ განირჩევიან სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ტერორისტული აქტები შიშსა და შფოთვას თესავენ მოსახლეობაში. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წარმოშობაზე, მისგან მომდინარე საშიშროებაზე, მოიყვანეს მაგალითები მსოფლიოში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე. პრეზენტაციისას წარმოადგინეს შესაბამისი ვიზუალური მასალა; მათ დაგმეს ტერორიზმი და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ შეიძლება ებრძოლონ მას.