ექსკურსია ქვემო ქართლში (X კლ)

სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - „ჩვენი საგანძური“), ა.წ. 26 მაისს X კლასი  იმყოფებოდა ექსკურსიაზე ქვემო ქართლში, სადაც მონახულეს ღისრშესანიშნავი ისტორიული ძეგლები: VII საუკუნით დათარიღებული დმანისის სიონი, რომელსაც XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭე ამშვენებს. მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. ის მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სწორედ დმანისელი ადამიანია პირველი ევროპელი.

აღმოჩენილი სხეულების ნაწილებისაგან მეცნიერებმა აღადგინეს გამოსახულება და მიიღეს ქალისა და მამაკაცის გამოსახულება, რომლებსაც სახელები მზია და ზეზვა შეურჩიეს. მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ. 

დმანისის ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა და აქ 2345 ექსპონატია დაცული.

მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს  სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი ტანძიაში.  სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716). 1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.

ბოლოს კი მოსწავლეები ესტუმრნენ V საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის სიონს.  იგი, ისევე როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით.  

ეს იყო ძალიან საინტერესო და სანახაობრივად დატვირთული დღე.

Facebook