ლუკა ბერიშვილი - ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებული!

2022 წლის 04 ივნისს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ-მ) უმასპინძლა ლიტერატურული კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“  გამარჯვებულებს. კონკურსის იდეის ავტორია ბ-ნი გია მურღულია.

კონკურსი ამჯერად  რიგით მეშვიდედ ჩატარდა.  ქვეყნის მასშტაბით მასში მონაწილეობა მიიღო X-XII კლასების 750-მდე მოსწავლემ. მათგან ფინალში გადავიდა 122 მოსწავლე.

 კონკურსის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება. კონკურსი ასევე ითვალისწინებდა გამარჯვებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა დაჯილდოებასაც.

კონკურსანტთა ნამუშევრების  მაღალი დონის გათვალისწინებით, 10 გამარჯვებულის ნაცვლად, ჟიურიმ 15 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგანაც  4 არის კონკურსის „ წარჩინებული“ მონაწილე, 8 -  „გამორჩეული“  კონკურსანტი, ხოლო  3 -  „აბსოლუტური“ გამარჯვებული.

დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეული იყო საუკეთესო ნამუშევრების  ავტორი  34 კონკურსანტი,  მათი მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და გულშემატკივრები.

გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები, სხვადასხვა პრიზები, ხოლო „საპრიზო სამეული“ და მათი მასწავლებლები, გარდა აღნიშნულისა, დაჯილდოვდნენ ფულადი ჯილდოთიც.  (მთავარი სპონსორი - სეუ. ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი). გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სეუ-სგან გადაეცა ათას-ათასი ლარი, მათ მასწავლებლებს კი - 700-700 ლარი. სამივე მასწავლებელი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დააჯილდოვა 500-500 ლარით.

კონკურსანტებსა და მათ პედაგოგებს წარმატება მიულოცეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელებმა გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა (Zoom-ით). მათვე გამოაცხადეს, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს მიიწვევენ შეხვედრაზე პარლამენტში.

ცერემონიას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომელმაც, ასევე, მიულოცა გამარჯვებულებს წარმატება და პრიზები გადასცა პირველ სამეულს. მანვე გამოაცხადა, რომ წარმატებულ კონკურსანტებს მიიწვევს შეხვედრაზე სამინისტროში და მათგან წამოსული ყველაზე საინტერესო ხედვებისა და საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად დაეხმარებიან შესაბამის სკოლებს.

 

გამარჯვებულ სამეულში  დასახელდა კერძო სკოლა  „ივერონის“  XII კლასის მოსწავლე - ლუკა ბერიშვილი .

სკოლის  დირექცია და ყველა მასწავლებელი  ულოცავს  ლუკას ამ დიდ გამარჯვებას  და უსურვებს წარმატებებით აღსავსე მომავალს.

ასევე ვულოცავთ ლუკას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ქალბატონ ეკატერინე კაციტაძეს  მისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოსწავლის გამარჯვებას.

ლუკა ბერიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას!!!

 გვიყვარხარ და გვეამაყები !!!

Facebook