უფასო წრეები და კლუბები

2022 წლის 8 აპრილს სკოლის ბიბლიოთეკაში  სამოქალაქო განათლების კლუბში VIII  და  IX  კლასების მოსწავლეთა  შეხვედრის თემა შეეხო  არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს,  მათ გამომწვევ და ხელისშემწყობ გარემოებებს.  ისაუბრეს საზოგადოებისა და სახელმწოფოს როლზე. იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. განიხილეს მათთვის ცნობილი მაგალითები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები. ისაუბრეს იმ თვისებების გამომუშავების აუცილებლობაზე, რაც დაიცავს მოზარდს, რათა უნებლიედ დამნაშავედ არ ჩამოყალიბდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი (ქ-ნი ე. ბუცხრიკიძე) და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
2022 წლის 8 აპრილს წიგნის მოყვარულთა კლუბში   7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები...  (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი თინა ჩხეიძე). 
მოსწავლეთა გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ მათი უმცროსი მეგობრები - III კლასის მოსწავლეები. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ წიგნის შესახებ, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურს თავისი მოსაზრებები სხვებსაც გაუზიაროს.

„ანა ფრანკის დღიური“, „უფლისწული და მათხოვარი“, „ბიძია თომას ქოხი“, „ჰელადოსი“, „არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში“ ...  

მოსწავლეებმა ზუსტად გადმოსცეს ავტორთა ჩანაფიქრი, თითოეული ნაწარმოების აზრის. ისაუბრეს იმის შესახებ  თუ რამ დააფიქრათ ისინი, რა განცდა დაეუფლათ, რა ისწავლეს, რა ემოციები აღეძრათ  კითხვის დროს...

მათი საუბარი იყო გულწრფელი. ისიც კი გაგვიმხილეს, რომ ზოგიერთ მათგანს კითხვისას თვალზე ცრემლიც კი მოსდგომია...

ბავშვებმა საპრეზენტაციო თემები თავისი ნახატებითაც გააფორმეს. ისე, როგორც შეძლეს... 

მადლობა ჩვენს მოსწავლეებს  იმ დადებითი ემოციებისათვის, რომელიც მათი მონათხრობით იქ მყოფთ დაგვეუფლა.

მადლობა  თინა მასწავლებელს, რომელმაც  ბავშვებში ლიტერატურისადმი სიყვარულის მარცვალი გააღვივა.

2022 წლის 08 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბ „ივერონის“  წევრები  ბულინგის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. კლუბის ლიდერებმა ნინო შარაძემ, კატო მერკვილიშვილმა და ელენე სარაჯიშვილმა თანასკოლელებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები სხვადასხვა სახის პრობლემებთან  დაკავშირებით, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება მათ თანატოლებში. ხშირად, ერთი შეხედვით უწყინარი და  „მეგობრული“ ხუმრობა გადაიზრდება სერიოზულ  პრობლემად, რასაც ბულინგი ჰქვია.  საბოლოოდ კი გამოუსწორებელ შედეგს ვღებულობთ. მოსწავლეები საუბრობდნენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ შემთხვევებში, როგორ დააღწიონ თავი მსგავს შემთხვევებს, ან როგორ დაეხმარონ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ მეგობრებს. მათი საუბარი შეეხო ასევე კიბერ-ბულინგს, რასაც ასევე ხშირად აწყდებიან მათი თანატოლები. მოსწავლეებმა ერთმანეთ გაუზიარეს თავისი გამოცდილება თუ როგორ დაიცვან თავი არასასურველი კონტაქტებისა და მიმოწერებისაგან.

სამოქალაქო განათლების კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ  კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე და დირექციის წარმომადგენლები.

2022 წლის 07 აპრილს წიგნის მოყვარულთა კლუბში  სასაუბროდ შეიკრიბნენ  IV-V  კლასების მოსწავლეები. შეკრება დაგეგმეს X კლასის მოსწავლეებმა, წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა - კატო მერკვილიშვილმა და ანა სარაჯიშვილმა. შეხვედრის მიზანი იყო - ჩვენი მოსწავლეები კიდევ ერთხელ  დაფიქრებულიყვნენ   წიგნის მნიშვნელობაზე.

ბავშვებმა გაიხსენეს თუ  რა ასაკიდან დაიწყე მათ წიგნთან ურთიერთობა, გაიხსენეს მათი საყვარელი ნაწარმოებები, პერსონაჟები  და  ის წიგნები, რასაც   ამჟამად კითხულობენ. ისაუბრეს იმაზე, თუ   რამდენად ანვითარებს კითხვა  მათ  აზროვნებას,   წარმოსახვას, ფანტაზიას, როგორ ასწავლის წიგნი ადამიანს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, ზრუნვას... ასწავლის სიკეთისა და ბოროტების, კარგისა და ცუდის  ერთმანეთისაგან გარჩევას... 

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თითოეული მოსწავლე მზად იყო დაუსრულებლად ესაუბრა ამ თემაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ წიგნის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ირმა ალფაიძე, დამრიგებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები. 

2022 წლის 06  აპრილს  სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა   III, IV და V კლასების მოსწავლეები  მოიწვიეს    საკმაოდ  მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ -  უსაფრთხო გადაადგილება ქუჩაში.  უფროსკლასელები თავიანთ პატარა მეგობრებს ესაუბრნენ იმის შესახებ, თუ რამდენადაა  დაკავშირებული საგზაო ნიშნების  ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენება ჩვენს უსაფრთხო  გადაადგილებასთან.

დაისვა კითხვა -  რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ ტრანსპორტითაც და ფეხით სიარულის დროსაც?

სამწუხაროდ,  ბოლო დროს  ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ჩვენი მოქალაქე.  იმსხვერპლა მძღოლები, ავტომანქანაში მყოფი მგზავრები, ქვეითად  მოსიარულეები,  ბავშვები...   ბევრი მათგანი კი  სამუდამოდ დაინვალიდა...

რა არის ამის მიზეზი? ვინ არის დამნაშავე? -  მძღოლი თუ ქვეითად მოსიარულე?..

კლუბის წევრებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს აჩვენეს  რამდენიმე შემეცნებითი  ანიმაციური ფილმი საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით. პატარები საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდნენ ამ თემაზე. გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, იხსენებდნენ მათთვის ცნობილ სხვადასხვა შემთხვევებს, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ ვისი გაუფრთხილებლობით იყო გამოწველი კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა.  

შეხვედრამ ცხადყო, რომ  სკოლის მოსწავლეები  ასაკის შესაბამისად, კარგად იცნობენ საგზაო ნიშნებს,    ყოველთვის ყურადღებით კვეთენ გზას  შუქნიშნისა და ზებრა გადასასვლელის დახმარებით.   

შეხვედრას ესწრებოდნენ:  სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე, კლასის დამრიგებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
 

I კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით შეისწავლიან ჭადრაკის საფუძვლებს.  ამაში მათ ეხმარებათ ჭადრაკის მასწავლებელი - საერთაშორისო და სა საქართველოს საჭადრაკო ტურნირების და ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, სპორტის ოსტატობის კანდიდატი  ბატონი  ზაზა ტორაძე.

2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  სკოლაში  გაგრძელდა  საწრეო მუშაობა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მეცადინეობას ხატვის (I-IV კლასები - მ. მოლაშვილი), რელიგიის ისტორიის (III-V კლასები - მ. გოგრიჭიანი), ჭადრაკის (I-IV კლასები - ზ. ტორაძე), მეტყველების (I-IV კლასები - მ. თევზაძე) წრეებსა  და ინგლისური ენის (I-IV კლასები - მ. დარჩაშვილი) სააღმზრდელო ჯგუფში.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები კვლავ სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ. ამჯერად მათი საუბრის თემა ეხებოდა ნაადრევ ქორწინებას. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.

სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა განიხილეს თემა, რომელიც ერთ-ერთი  მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. ესაა პროფესიის არჩევა. სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან და კლუბის ხელმძღვანელთან ქ-ნ ელისო ბუცხრიკიძესთან ერთად მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს. კერძოდ, პროფესიის არჩევამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ადამიანის მომავალი, იყოს ბედნიერი, ან პირიქით, პროფესიიდან გამომდინარე, თავისი ადგილი ვერ იპოვოს ცხოვრებაში და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და მრავალი სხვა.

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწ. ნაწილის გამგე ქ-ნი მარინა ბექურიძე.
სამოქალაქო განათლების კლუბის დღევანდელი შეკრება მიეძღვნა მსოფლიო პრობლემას - კოვიდპანდემიას. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებული უდიდესი პრობლემის შესახებ. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ერთი შეხედვით მარტივ ფაქტორებს -ჰიგიენური ნორმების დაცვას და ვაქცინაციას. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ მათ ოჯახებს, რა დაღი დაუსვა მათ ჯანმრთელობას და ა.შ.