image
image
image
image
image
სიახლეები

       !

გთხოვთ, სასწრაფოდ, დღესვე  გაააქტიურეთ ZOOM-ის პროგრამა. ორშაბათიდან დავიწყებთ ონლაინ გაკვეთილებს. დღის ბოლოს მოგაწვდით საგაკვეთილო ცხრილსა და გაკვეთილებზე ჩასართავად გამოსაყენებელ კოდებს!!!

სკოლის დირექცია

22.03.2020 წელი
 

პატივცემულო მშობლებო!

როგორც დაგპირდით, სკოლას მზად აქვს საგაკვეთილო ცხრილი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებთან ონლაინ  ჩართვებს. ეს არის ცხრილის საცდელი ვარიანტი, რომელიც ამოქმედების შემდეგ შესაძლოა  ჩასწორდეს.

სწავლების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია შეიქმნას მცირე ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ერთი კვირის მანძილზე გამოსწორდება.

ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას სკოლა განახორციელებს ZOOM-ის პროგრამით, რომელიც    ფაქტობრივად უკვე  ყველა მასწავლებელმა გაააქტიურა.  საგაკვეთილო ცხრილსა და ონლაინ გაკვეთილებზე ჩასართავად გამოსაყენებელ კოდებს დღეს საღამოსთვის მოგაწვდით. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

მოგმართავთ თხოვნით,   დაეხმაროთ ბავშვებს  ZOOM-ის პროგრამის გადმოწერაში და ამ პროგრამით მუშაობის გაცნობაში.

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

22.03.2020 წელი

გაცნობებთ, რომ განათლების სამინისტროს მიერ 2020 წლის 16 მარტს სკოლებში მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლა „ივერონი“ დისტანციურ სწავლებას შეუდგა 2020 წლის 17 მარტიდან, რასაც წინ უსწრებდა არაერთი მოსამზადებელი სამუშაო.

ამ ეტაპზე სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას განვლილი მასალის გამეორების, გაღრმავების, დამატებითი შემეცნებითი აქტივობების გამოყენების საფუძველზე. ჩვენს მიერ მოწოდებულ 14 მარტის მიმართვაში დასახელებულია დავალებების ტიპები, რაც რეკომენდებულია  სამინისტროს  მიერ.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ სამინისტრო სკოლებს მოსწავლეებთან (ასევე მშობლებთან) სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმებიდან  თავისუფლი არჩევანის საშუალებას აძლევს.  

აქედან გამომდინარე,  I-IV კლასების მოსწავლეებთან არჩეული გვაქვს კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი  ფორმა -  მშობელთა დახურული ფეისბუქჯგუფები, ვინაიდან ამ ასაკის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების  ჩართულობა. დანარჩენ მოსწავლეებთან (IV კლასის ზევით) კი ურთიერთობა  ხორციელდება მოსწავლეთა ფეისბუქის დახურული მესინჯერჯგუფების  საშუალებით.

დღესდღეობით, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობისათვის განსაზღვრული საათები არ არსებობს - კონტაქტი ხორციელდება მთელი დღის მანძილზე. ამ ჯგუფებში უკვე მე-3 დღეა, რაც მასწავლებლების მიერ იგზავნება დავალებები   და მოსწავლეთა ჩართულობაც სახეზეა. კვირის ბოლოს ყველა კლასის დამრიგებელი მოიპოვებს ინფორმაციას  მოსწავლეების მხრიდან ჩართულობისა და შესრულებული დავალებების შესახებ, რასაც ინდივიდუალურად გააცნობენ მშობლებს.

უდაოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ზოგიერთი  მოსწავლე ოჯახთან ერთად ქალაქიდანაა გასული. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ ამის ობიექტური მიზეზი გააჩნიათ, ეს მათი არჩევანია.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სასწავლო სისტემის მოდიფიცირება, საგნობრივი პროგრამებისა და სასწავლო გეგმის გადაწყობა, რაც მორგებული უნდა იყოს სასწავლო დაწესებულების მიერ არჩეულ კომუნიკაციის ფორმებზე. პარალელურად, სკოლები - საჯაროც და კერძოც - სამინისტროდან ორშაბათისთვის (23 მარტისათვის) ელოდებიან ახალ რეკომენდაციებს, მითითებებს. რადიკალური ცვლილებები მოითხოვს გარკვეულ დროს.

მთელი სკოლა - დირექცია, კათედრები და მასწავლებლები უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე) მუშაობენ იმ პროგრამებზე, მეთოდებსა და მიდგომებზე, რომელთა საფუძველზეც იმედია სასწავლო პროცესი ნაყოფიერად  წარიმართება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

დისტანციური სწავლება სიახლეა როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვისაც. ამიტომ მათთვის ამ სახის სწავლებაზე გადასვლა არ უნდა იყოს სტრესული. სწავლების პირველივე წუთებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები ამ პროცესში აქტიურად და დიდი ინტერესით არიან ჩართულები. დიდი მადლობა მათ ამ აქტიურობისათვის, ასეთი მაღალი თვითშეგნებისთვის!

დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის!

 

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

19.03.2020 წელი

 

 

მშობელთა საყურადღებოდ!

იმისათვის, რომ მოსწავლეებს  უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ საგნის მასწავლებლებთან, მშობელთა თხოვნით,
V კლასთან მუშაობა დღეიდან წარიმართება ისეთივე სახით, როგორც ეს ხორციელდება მაღალ კლასებში - ფეისბუქის მესინჯერჯგუფის დახმარებით.  

კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ,   სავალდებულო საგნებში მოსწავლეებს მიეწოდებათ სხვადასხვა სახის დავალება. საჭიროების შემთხვევაში, მთელი დღის მანძილზე, ბავშვებს საშუალება ექნებათ იკონტაქტონ მასწავლებლებთან.

შესრულებული დავალების ფოტოს მოსწავლე დადებს იგივე ჯგუფში, ან   მასწავლებელს გადაუგზავნის პირად მესინჯერში (მოსწავლის სურვილის შესაბამისად), რის შესახებაც მოსწავლე  ჯგუფში აცნობებს საგნის მასწავლებელს (მაგ.: „ნანა მასწავლებელო, დავალება შევასრულე და გადმოგიგზავნეთ პირადში“). შესაძლოა მასწავლებელმა იქვე მიუთითოს მოსწავლეებს, რომ დავალება უნდა შესრულდეს რომელიმე კონკრეტული დღისთვის, ან დროისთვის, რაც მოსწავლისაგან ასევე გასათვალისწინებელი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით, სკოლის დირექცია

19.03.2020 წელი

დაპირებისამებრ, გაგაცნობთ დისტანციური სწავლების ფორმასთან დაკავშირებულ იმ სიახლეებს, რომელიც შემოგვთავაზა განათლების სამინისტრომ.

ვინაიდან, 2020  წლის 02 მარტიდან 2020  წლის 01 აპრილამდე სკოლებში გამოცხადებულია             ს ა გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ო     ა რ დ ა დ ე გ ე ბ ი ,  ამიტომ ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს მითითებით, მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებლისაგან (როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად) დავალებად მიეცემათ:

·         საკითხავი ლიტერატურა;

·         თემატური დავალებები

·         შემეცნებითი აქტივობები;

·         კვლევითი პროექტები;

·         და სხვა.

მოსწავლეებისათვის დავალებების  მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ - საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით. დავალებები მიეცემათ ფაქტობრივად ყველა სავალდებულო საგანში.  

მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოყენებული იქნება  მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად:

·         სოციალური ქსელი;

·         ვიდეოზარები;

·         სატელეფონო კომუნიკაცია;

·         ელექტრონული ფოსტა;

·         და სხვა

 

საგნობრივ კათედრებზე გაერთიანებული მასწავლებლები ამჟამად  მუშაობენ სასწავლო პროგრამებზე, რომლის შესაბამისადაც სასწავლო პროცესი წარიმართება 2020 წლის 01 აპრილიდან.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით კლასის დამრიგებელს.

 

პატივისცემით, სკოლის დირექცია.

16.03.2020 წ.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.