ღონისძიებები და პროექტები

 

2022 წლის 28 ოქტომბერი სკოლა „ივერონში“ მიეძღვნა მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშს სახელწოდებით - „ტვინების ბრძოლა“.

სკოლაში დილიდან იგრძნობოდა ფუსფუსი, მზადება... შესაბამისად მოეწყო სათამაშო სივრცე - ბიბლიოთეკა...

ყველა გუნდს გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი ჰქონდა...

თამაშში III- XI კლასების ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. იყო დიდი ემოციები: წაგებული გუნდების წევრთა ცრემლები, ხოლო გამარჯვებული გუნდების წევრების უსაზღვრო სიხარული და ბედნიერება.

გამარჯვებული გუნდები არიან:

პირველი ასაკობრივი კატეგორია (III-V კლ) - გუნდი „შევარდენი“ (IV კლ);

მეორე ასაკობრივი კატეგორია (VI-VIII კლ) - გუნდი  „საქართველო“ (VII კლ)

მესამე ასაკობრივი კატეგორია (IX-XI კლ) - გუნდი  „რუბიკონი“  (XI კლ)

 

თამაში განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა გუნდისათვის „ლომები“ (VII კლ), რომლსაც მხოლოდ 1 ქულა დააკლდა გამარჯვებამდე; და  ყველაზე პატარა მონაწილეებისათვის -  გუნდებისათვის „ცეცხლოვანი არწივები“ და „ლომები“ (III კლ). მათ გასამხნევებლად და  ცრემლების საპასუხოდ, დარბაზში გაისმა შეძახილები: „არწივები!!!“ „ლომები!!!“, რის შემდეგაც გუნდებმა „სძლიეს“ ემოციებს და განაგრძეს ბრძოლა გამარჯვებისათვის.

მიუხედავად ყველაფრისა,  ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან „ტვინების ბრძოლის“ მომდევნო სეზონს, რათა დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და  გამარჯვება მოიპოვონ.

რამდენიმე კითხვაზე გუნდების მიერ გაცემული პასუხები მართებულად ჩაითვალა მას შემდეგ, რაც  კომისიამ და თამაშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა განმარტება.

გაწეული დახმარებისათვის, სკოლა დიდ მადლობას უხდის VI-XI კლასების ყველა მოსწავლეს, რომელთა დახმარებითაც წარიმართა თამაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კატო მერკვილიშვილის, გიორგი შარეიძის, ქეთი გობრონიძისა და ნინი ერისთავის თანადგომა, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურს და ხელი შეუწყვეს მშვიდი და ობიექტური გარემოს შექმნას. 

VII კლასის მოსწავლის - ლუკა კობერიძის აქტიურმა ჩართულობამ და წარმატებამ „ტვინების ბრძოლის“ ოლიმპიადაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იგი 4 სერთიფიკატისა (3 - I ხარისხის, 1- II ხარისხის) და 3 დიპლომის მფლობელია:

სერთიფიკატები გადაეცა ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურსა და ზოგად ნაწილში წარმატებული ასპარეზობისათვის. დიპლომებზე კი ვკითხულობთ:

საქართველოს ჩემპიონი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული;

რეგიონის ნაკრების გუნდის წევრი - 2022 წლის გაზაფხულის სეზონზე გუნდურად მიღწეული წარმატებისათვის;

2022 წლის გაზაფხულის სეზონის ფინალისტი, ოლიმპიადაში წერმატებული მონაწილეობისათვის.

ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას! მომავალში  კი ვუსურვებთ უფრო დიდ გამარჯვებებს.
  პირველი კლასის მოსწავლეთა ჩანახატები მუსიკის გაკვეთილზე ...
2022 წლის KINGS-ის  გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:  IV კლასის მოსწავლე -  არჩილ ხვინთელანი  (III ხარისხის დიპლომი) და V კლასის მოსწავლე -  გეგა ბურჯალიანი  (I ხარისხის დიპლომი). ვულოცავთ ჩვენს  მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!

2022 წლის 22 სექტემბერს სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა  გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის  პრეზენტაცია, რომლის ავტორიცაა მწერალი და ჟურნალისტი ქალბატონი ნინო რეხვიაშვილი. მასთან ერთად სკოლას სტუმრობდნენ ქ-ნი ლალი ჯაფარიძე - პროფესიით ექიმი და ქველმოქმედი და მისი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი  ქალბატონი ირმა ჯაფარიძე.შეხვედრაზე ქალბატონმა ნინომ გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები გალაკტიონის ცხოვრებიდან და  წაიკითხა მისი პოეზიის უკვდავი ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII - XI კლასების მოსწავლეები, სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ციცო ჯაფარიძე, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები.  ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსახსოვრა გალაკტიონის უბის წიგნაკი საინტერესო ჩანაწერებით...

ჩვენი სკოლის აწ უკვე კურსდამთავრებულმა - ლუკა ბერიშვილმა ამჯერად მონაწილეობა მიიღო და გადაეცა სერთიფიკატი US აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ამერიკული უნივერსიტეტის - ვებსტერის კამპუსი საქართველოში აბიტურიენტებისთვის ჩატარებულ ესეების კონკურსში. კონკურსის თემა იყო - დამოუკიდებლობა (ესე დაწერა განხორციელდა ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები:

·       თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;

კრის ანდერსონი - აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;

ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;

მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;

ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;

ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

 

ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას!
გრძელდება სასკოლო პროექტის - „ეკოლოგიური პრობლემები“ - ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მიერ ჩვენი სკოლის  ეზოს გალამაზებას.  ამჯერად აქტივობაში ჩართულები იყვნენ  VII  და VIII კლასების მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია. მათ ეზოში დარგეს  ყვავილები და პალმები.
2022 წლის 28 აპრილს – XI კლასის მოსწავლეებმა  ფიზიკაში  განიხილეს თემა სახელწოდებით: „ ფიზიკა და ეკოლოგია“.   პროექტი   შემეცნებითი ხასიათის იყო. მათ საშუალება  ჰქონდათ უფრო მეტი გაეგოთ დედამიწის (ჩვენი პლანეტის) ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.   მოსწავლეებმა  ისაუბრეს ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შედეგებსა და გადაჭრის გზებზე.    /მასწ.: მ. გოგაძე/

Facebook