image
image
image
image
image
სიახლეები
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში  (VIII კლ)

მიუხედავად 29 ნოემბრის ცივი ამინდისა,  ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობამ სოფ. ხოვლეში, საოცრად თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ეს იყო გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც VIII კლასის მოსწავლეებმა დაახლოვებით ერთი კვირის წინ წარმოადგინეს სკოლაში, ბ-ნ დავით სართანიას სტუმრობის დროს.

სახლ-მუზეუმის დირექტორმა გულთბილად მიიღო ჩვენი მოსწავლეები, ექსკურსიამძღოლმა ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტი გაგვაცნო ჯავახიშვილის ცხოვრებიდან და მისი მოღვაწეობიდან. დასასრულს, მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ჩვენი მოსწავლეებისა და სკოლის ურთიერთობა სახლ-მუზეუმთან მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება -  იქვე დაიგეგმა რამდენიმე საიტერესო პროექტი, რომელსაც ჩვენი მოსწავლეები  გაზაფხულისათვის მოამზადებენ. ყოველივე ეს მიეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს (23 აპრილი). ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა და წარიმართა ეს პროექტი, ჩანაწერი დატოვა სახლ-მუზეუმის შთაბეჭდილებების წიგნში.
დიდი ივანე ჯავახიშვილი         (VIII კლ)

გამორჩეული დღე ჩვენს სკოლაში!  

21 ნოემბერს სკოლას ესტუმრა  ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი - ბატონი დავით სართანია.  

შეხვედრა ჩატარდა ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ისტორიის მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა.

სტუმარს მომზადებულები შეხვდნენ VIII კლასის მოსწავლეები   - მათ გულდასმით დაამუშავეს და შეისწავლეს ისტორიული ფაქტები ქართული მეცნიერების ფუძემდებლის,  დიდი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებიდან.  მოსწავლეთა პრზენტაცია  გაცოცხლებული იყო  საინტერესო სლაიდებით.

მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს სიღრმისეულად გააცნო ის სირთულეები, რისი დაძლევაც მოუხდა ამ დიდ პიროვნებას ქართული მეცნიერების დასაბამისთვის, და რა გზა გაიარა მან საბოლოო მიზნების მისაღწევად.

ბ-ნმა დავითმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე, პიროვნულ ღირსებებზე... და, კვლავ და კვლავ იმ დიდ შრომებზე, რომლის ნაყოფიცაა დღეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ მეცნიერთა მიღწევები.

ხელოვნების მოყვარულთა კლუბი      (II-III  და IV-VI კლასები)

ხელოვნების მოყვარულთა კლუბში  20 ნოემბერს შედგა ორი საინტერესო შეხვედრა. პირველი მათგანი დაეთმო II – III კლასების მოსწავლეებს, რომლებმაც იხილეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა საუბარი და განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი, ხელოვნების დარგის რომელი წარმომადგენლები ქმნიან მას, ვინ არის რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მხატვარი, დეკორატორი და ა.შ. მულტფილმის ჩვენებისას გზადაგზა ყურადღება გამახვილებული იყო პერსონაჟთა ტიპაჟებზე, მათ თვისებებსა და მუსიკალურ გაფორმებაზე.

IV-VI კლასების მოსწავლეები კი გაეცვნენ ყველასათვის საყვარელი მსახიობის სესილია თაყაიშვილის შემოქმედებას და იხილეს ქართული მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“. მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია XX საუკინის 60-იანი წლების თბილისის გარემომ - ქუჩებმა, სახლებმა, პერსონაჟების გარეგნობამ, ჩაცმულობამ, ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა ელემენტებმა და სხვა. სესილია თაყაიშვილთან ერთად მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო ასევე სახელოვანმა მსახიობებმა - იპოლიტე ხვიჩიამ და ეროსი მანჯგალაძემ.

საბავშვო თეატრი სტუმრად „ივერონში“ (I-VI კლასები)
2023 წლის 17 ნოემბერს სკოლას ესტუმრა  საბავშვო თეატრი -  „აისი 90“. მათ ჩვენს მოსწავლეებს აჩვენეს თოჯინური სპექტაკლი:  „ერთგული მეგობარი“. სპექტაკლს ფონად გასდევდა ჩვენი ბავშვების ჟრიამული და შეძახილები. დასრულების შემდეგ კი პირველკლასელებმა სპექტაკლის გმირებთან  სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
შეხვედრა  ასტროფიზიკოსთან     (VI-XI კლასები)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომთა სკოლის ეგიდით, შეთავაზების ფარგლებში, სკოლას ეწვია თსუ-ს პროფესორი, ასტროფიზიკოსი, ასტრონომი ბ-ნი შალვა საბაშვილი, რომელმაც ჩაატარა თემატური საუბრები ასტრონომიის, ჩვენი გალაქტიკის, კოსმოსისა და კოსმიური მოვლენების შესახებ. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შეხვედრა ჩატარდა ორ ნაწილად - პირველ ნაწილში ბ-ნი შალვა შეხვდა  VI-VIII კლასების მოსწავლეებს, ხოლო მეორე ნაწილში  კი კოსმიურ მოვლენებზე საუბარი განაგრძო IX-XI კლასების მოსწავლეებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.