ღონისძიებები და პროექტები

საკოორდინაციო ბადე - ამ თემის შესწავლისას V კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე გაიხსენეს მათთვის ნაცნობი თამაშები.

გაკვეთილის მიზანი იყოს - ბადით დაფარულ არეზე ორიენტირება, სიმბოლოთა წყვილებით (კოორდინატებით) საგნის (სამიზნე ობიექტების)  ადგილმდებარეობის განსაზღვრა.  სასწავლო რესურსად გამოყენებული იყოს  ჭადრაკის დაფა და ფიგურები, ხოლო სამიზნედ  ობიექტებად - თვითმფრინავები.

კომპლექსური შემაჯამებელი დავალება მუსიკაში VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემაზე - ხმოვანი კინო - მუსიკის როლი ხმოვან კინოში. დავალება ითვალისწინებდა მუსიკის შესაბამისობის დადგენას  უხმოდ ნანახი ფილმების ფრაგმენტებთან, პოსტერის შექმნას და პრეზენტაციას.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცვნენ კომპლექსური დავალების  არსსა  და პირობას; პრეზენტაციის მახასიათებლებს.  ხმოვან კინოსთან დაკავშირებული  წინარე ცოდნის

გააქტიურების შემდეგ,   მოსწავლეებმა იხილეს დოკუმენტური კადრები  ინგლისელი კინორეჟისორის - სერ ალფრედ  ჰიჩკოკის შესახებ  და გაეცვნენ  სასპენსის რაობას.

მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა რამდენჯერმე დაკვირვებით ნახეს ეპიზოდები ფილმებიდან - „ვერტიგო“   (რეჟისორი: ა. ჰიჩკოკი)   და „გაღმა ნაპირი“  (რეჟისორი: გ. ოვაშვილი) მუსიკალური ფონის გარეშე და მოისმინეს მუსიკალური ფრაგმენტები,  რასაც მოჰყვა მსჯელობა, განხილვა. ყურადღება გამახვილდა სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე. 

კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე  მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და პრეზენტაციით წარსდგნენ  კლასის წინაშე.  მოსწავლეებთა მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე მიმდინარეობდა დიდი დაკვირვებით, ყურადღება გამახვილდა ფილმის ნებისმიერ დეტალზე, მუსიკალური ენის ყველა ელემენტზე. ვფიქრობთ, ამგვარ დავალებებზე მუშაობა მართლაც რომ კომპლექსურად ავითარებს მოსწავლეთა აზროვნებას, ხედვას, ფანტაზიას, წერისა და მეტყველების კულტურას და ა.შ.

მოსწავლეთა თქმით, მათ არასოდეს  უნახავთ ფილმი ასე გააზრებულად, ნანახსა და მოსმენილს შორის პარალელისა და შესაბამისობის ძიებით.

კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას და შედეგები თანდათანობით  უფრო თვალსაჩინო იქნება.

კომპლექსური დავალების შესრულება სიახლეა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის. თუმცა მსგავსი დავალებები მუსიკასა და სხვადასხვა საგნებში მათ I სემესტრშიც წარმოგვიდგინეს.

 II კლასელების   კომპლექსური დავალების  თემა მუსიკაში ამჯერად იყო - ბუნებრივი ხმები  (მასწ.: ლელა ჩხეიძე). პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცვნენ დავალების პირობას, იმას თუ რა ევალებოდათ მათ.  შემდეგ მოისმინეს წყალთან და წვიმასთან დაკავშირებული ბუნებრივი ხმები და ბუნებრივი მოვლენები. მათ შორის ნაკადულის, ჩანჩქერისა და ზღვის ტალღების ხმები. აღწერეს და დაახასიათეს თითოეული მათგანი.  დამუშავდა სამიზნე ცნებები და მკვიდრი წარმოდგენები (სამიზნე ცნება- მუსიკა და ქვეცნებები - მელოდია, რიტმი, ტემპი, ხმის, ხმაურის/ბგერის თვისებები, ჟღერადობა; მკვიდრი წარმოდგენები -  უხეში, მჭექარე, წკრიალა ტემბრი; მოძრავი, მშვიდი, თანაბარი, აქცენტირებული რიტმი; მელოდია მიბაძვითი ინტონაციებით; ჟღერადობა: სასიამოვნო, არასასიამოვნო; ნელი ტემპი ჩქარი ტემპი).

მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა მოსმენილ ხმებს მიუსადაგეს სიმბოლოები. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე კი ჩვენმა პატარებმა არაჩვეულებრივი პრეზენტაცია წარადგინეს კლასს.
ისტ-ის მასწავლებლის  ხელმძღვანელობით V კლასში ჩატარდა კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია თემაზე „კომპიუტერი და მისი ძირითადი და დამატებითი მოწყობილობები“ (მასწ.: ლ. ნიშნიანიძე). დავალება მოითხოვდა რაიმე მასალისაგან კომპიუტერისა და მისი მოწყობილობების  დამზადებას და ერთმანეთთან სწორად დაკავშირებას. მუშაობის პროცესში დამუშავდა სამიზნე ცნებები და მკვიდრი წარმოდგენები (სისტემური ბლოკი (case); მონიტორი (monitor); კლავიატურა (keyboard); თაგვი (mouse). საბოლოოდ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები. პრეზენტაციის დროს მათ ამომწურავი პასუხები გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2022 წლის 01 აპრილს სკოლას ესტუმრა თოჯინური დასი სპექტაკლით - „რაც არ გერგება, არ შეგერგება!“ (ხელმძღვანელი - კ. ადეიშვილი; დრამატურგი - მ. აბრამიშვილი; მუსიკა - გ. შალვაშვილი).

სპექტაკლს ესწრებოდნენ I-IV კლასების მოსწავლეები. დასასრულს ბავშვებმა მსახიობებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

V კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია რუსულ ენაში (მასწ.: მარეხ კორსაველი). ეს იყო მინი-სპექტაკლი თემაზე „სასკოლო ნივთები“. მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა სასკოლო ნივთის როლი და გაითამაშეს პოლილოგი მათ შორის.

თემაზე მუშაობის დროს ყურადღება  გამახვილებული იყო საკვანძო კითხვებზე, სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე, ზეპირი კომუნიკაციისათვის საჭირო ელემენტებზე (ინტონაცია, მახვილები, ტემპი, მიმიკა-ჟესტიკულაცია) და ა.შ.

 2021 წლის 28 დეკემბერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნატო შაროვმა,  ჩაატარა კათედრის მიერ დაგეგმილი გაერთიანებული აქტივობა  სახელწოდებით - მათემატიკური „ოინები“, რომელშიც მონაწილეობდნენ  V და VI კლასების მოსწავლეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ  VII კლასის მოსწავლეები, რომელთა ჩართულობაც  მნიშვნელოვანი იყო მთელი ღონისძიების მანძილზე.

ზოგიერთ მოსწავლეს აქვს გულგრილი დამოკიდებულება მათემატიკისადმი. მას მიიჩნევს რთულ და უინტერესო საგნად. ჩვენი მიზანია, ასეთ მოსწავლეებში (თუ არის ჩვენს გვერდით ასეთი მოსწავლე), შევცვალოთ  დამოკიდებულება მათემატიკის საგნისადმი, დავანახოთ მისი ლამაზი მხარეები და გავზარდოთ ინტერესი ამ საგნის მიმართ.  ვისაც უყვარს ეს საგანი კი -  მათი დაინტერესება ამით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“ - განაცხადა ქ-ნმა ნატომ.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ დამსწრე მოსწავლეებიც. ბავშვები ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ და ერთმანეთ უზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

ვფიქრობთ, ჩვენი მოსწავლეები კიდევ უფრო მეტი ინტერესითა და მონდომებით მოეკიდებიან მათემატიკის საგნის შესწავლას. სწორედ მოტივაციის გაზრდას ისახავდა მიზნად ეს ღონისძიება.

ყველას  გილოცავთ  დამდეგ  ახალ წელს!

ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება, წარმატება, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ!

ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლია სართანიამ III კლასში წარმოადგინა ღია გაკვეთილი - Meet Ms. Springfield.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ნაცნობი და ახალი ლექსიკური ერთეულებისა და ფრაზების გამოყენებით ტექსტის მთავარი პერსონაჟის დახასიათება. მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს  ინტერვიუსა და მისი წარმართვის შესახებ და ა.შ.

 გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით (გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკის შექმნა, პოსტერის წარდგენა და  ზეპირი პრეზენტაცია, როლური თამაში...)

გაკვეთილი იყო დინამიური, მოსწავლეებისათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო.

   ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა არაჩვეულებრივი ღონისძიება სახელწოდებით „ქარი გიმღერის ნანასა“, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის -  ქ-ნ ირმა ალფაიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა VI კლასმა. მოსწავლეებმა მსმენელის წინაშე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პოეზია... ბავშვების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იყო დიდი განცდისა და ემოციის შემცველი. მადლობა ჩვენს პატარებს ქართული სიტყვის სიყვარულისათვის, მონიჭებული სიამოვნებისათვის...

დარბაზში მოულოდნელად გაისმა ბ-ნ ლევან ნიშნიანიძის მიერ წარმოთქმული პოეტური სტრიქონები, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ემოცია შესძინა. დასასრულს ქ-ნმა ირმამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და წაიკითხა საკუთარი ლექსი.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ. მზადების პროცესში კლასს გვერდში ედგა ისტ-ის მასწავლებელი ბ-ნი ლევან ნიშნიანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ V კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია. 

Facebook